,,მხოლოდ მცირე რაოდენობის „ნაცსექტანტები“ დარჩნენ, რომლებსაც ჰგონიათ, სააკაშვილის ხსენებით მეტ ადამიანს მიიზიდავენ”- სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივა. მისი თქმით, ოპოზიცის დაგეგმილი ნებისმიერი აქცია, საბოლოოდ  მიდის არეულობის მცდელობამდე და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნამდე.

,,გაუგებარია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ასეთი აქცია იმართება, თუმცა კარგად გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება, რომელიც ოპოზიციურ სპექტრშია. პრაქტიკულად უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ, ლანძღავენ ერთმანეთს და ერთმანეთს ეცილებიან აქციის ორგანიზატორობას. ერთი რამ, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ყველაფერში, არის პოლიტიკური კეთროვანი მიხეილ სააკაშვილი. სადაც მისი სახელი გამოჩნდება, იქ საპროტესტო აქციებზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს დაინახა ოპოზიციამაც. მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაცსექტანტები დარჩნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ სწამთ მიხეილ სააკაშვილის და ჰგონიათ, რომ მისი სახელის ხსენებით აქციებზე მეტ ადამიანს მიიზიდავენ. კარგია, რომ თვით ოპოზიციურმა პარტიებმაც ეს დაინახეს. აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ნამდვილად არ ველოდები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. არა იმიტომ, რომ თემა არ არის მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ ვინ ატარებს ამ აქციას. ხალხმა კარგად იცის, რომ როდესაც ეს ადამიანები ნებისმიერი კეთილშობილური იდეებით რაიმე აქციას ატარებენ, საბოლოოდ ყველაფერი მიდის არეულობის მცდელობამდე, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნებამდე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. ეს ხალხმა კარგად იცის და ამიტომაც არ მიდიან ასეთ აქციებზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები