,,გამორჩევა რომელიმე ქვეყნის იქნებოდა არასწორი პოლიტიკური გზავნილი, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნება. მისი თქმით, სამივე ქვეყნის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ერთიანი.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით გვესმის, ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სამივე ქვეყნის მიმართ. ვხედავთ, რომ რთულია რაიმე პროგნოზების გაკეთება, ექსპერტებსაც უჭირთ. ერთადერთი, საუბრებიდან გამომდინარე, რაც ამ დღეებშიც იყო და მანამდეც, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, ვფიქრობ, განწყობა იმის მიმართ, რომ ახლა გამორჩევა რომელიმე ქვეყნის იქნებოდა არასწორი პოლიტიკური გზავნილი. თუ მიდგომა იქნება, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რადგან აქ აწონ-დაწონვა, მით უმეტეს, ახლა, როცა დაჩქარებულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან.

როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, სამივე ქვეყანას ესაჭიროება პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადება და სამივე ქვეყანა ელოდება, რომ მასთან მიმართებით რუსეთის მიმართ იქნება ეს პოლიტიკური გზავნილები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გადაწყვეტილებას სწორედ იმ ღირებულებებით მიიღებს, რაც გულისხმობს სოლიდარობას, თანადგომას და ამავე დროს რუსეთის მიმართ თამამ გზავნილს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, სამივე ქვეყანამ ევროპული მომავლისთვის გარკვეული საფასური გადაიხადა.

„მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს – ჩვენ, ყველას ჩვენ-ჩვენი ფასი გვაქვს გადახდილი და ჩვენ ჩვენი წვლილი შეტანილი. ეს 30 წელი სამივე ქვეყნისთვის არის ბრძოლის წლები. ასე რომ, ჩვენ, ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი მსხვერპლისა და ევროპული მომავლისთვის გავიღეთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა ერთმანეთს თანადგომა გამოვუცხადოთ და იმ ასოცირებულმა ტრიომ ერთად უნდა შევაბიჯოთ კანდიდატობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები