,,ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის”- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ არსებულ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, დავით ნარმანიამ ისაუბრა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ. მისი თქმით, კომპანიის ეფექტურად მუშაობისთვის, საჭიროა ამორტიზებული და მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლა.

„მარეგულირებელმა კომისიამ დაამტკიცა GWP-ის საინვესტიციო გეგმა, როცა ტარიფი დადგინდა, შესაბამისად, ამ საინვესტიციო გეგმის ფარგლებში როგორც თბილისში, ასევე რუსთავსა და მცხეთაში, სადაც კომპანია ოპერირებს, უნდა მოაწესრიგოს მოძველებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისი მიმართულებები, პროექტები უკვე დამტკიცებულია და კომპანია ამას მოჰყვება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქსელის დიდი ნაწილი არის ამორტიზებული, უფრო მეტი ინვესტიცია და სხვა ტიპის მენეჯმენტი სჭირდება. ამდენად, მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მსგავსი თემები