„უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს არც ერთი  მოკავშირე დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთში იმყოფება. სტოლტენბერგი ქვეყნის პრეზიდენტს საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდა, სადაც ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პროტესტი და შეშფოთება განიხილეს. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, თურქეთი ნატოს სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორია და მისი შეშფოთება უგულვებელყოფილი ვერ იქნება.

„ვმუშაობთ გულმოდგინედ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, მათ შორის თურქეთთან, ასევე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, რომ  ვიმსჯელოთ და განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც თურქეთმა წამოწია. ეს ეხება ტერორიზმს, იარაღის ექსპორტს. უნდა გვესმოდეს და გავიგოთ, რომ ნატო-ს არც ერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი. თურქეთი არის მნიშვნელოვანი მოკავშირე, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აუზში და ამასთან, ესაზღვრება ერაყსა და სირიას“ – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისი შეფასებით, თურქეთს მნიშვნელოვანი  როლი აქვს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში, როგორიც არის ისლამური სახელმწიფო.

„თურქეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო, თურქეთს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და ასევე, თურქეთს მთავარი ადგილი უჭირავს გზების ძიებაში იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დაკავშირებულია უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტისთვის. ასე რომ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც თურქეთია წამოჭრის საკუთარი შეშფოთების საკითხებს ტერორიზმთან, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ“ – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და მათ ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს. იენს სტოლტენბერგი ხვალ შვედეთსაც ეწვევა.

მსგავსი თემები