ძმების და დედის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.გ. რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს – 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას – 1954 წელს დაბადებულ ე.მ.-ს და საკუთარ შვილს – 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში დააკავეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები