საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას ისევ იკვლევენ

„მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა ისევ გრძელდება. უცხოეთიდან დაბრუნებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არის თუ არა შემთხვევა „მაიმუნის ყვავილი“, პასუხი რამდენიმე დღეში იქნება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კვლევამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო, რადგანაც ქვეყანას მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია.

„ერთ საეჭვო შემთხვევაზე იყო საუბარი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, მას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში. კლინიკური მიმდინარეობა ევროპაში გავრცელებული შემთხვევების არის მსუბუქი. ამდენად, ამ კუთხით ჩვენ რაიმე სირთულეს არ ველოდებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომ არც მედიკამენტური ჩარევა არ არის საჭირო ასეთი შემთხვევების მკურნალობისას, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა საკმარისია“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე შეფასებით, ვირუსის პირველადი ნიშანი არის გამონაყარი, ტემპერატურა, რაც შეიძლება უჩვეულოდ მოეჩვენოს და არ ჰგავდეს არც ერთ სხვა გამონაყარს.

„სხვა ქვეყნებშიც არსად არსებობს განგაშის საფუძველი. ყველა მართავს სიტუაციას. უბრალოდ, ხდება შემთხვევების აღრიცხვა და ჩვენც გარკვეული შესაძლებლობები ლუგარის ცენტრში შევქმენით, იმისთვის თუ კი იქნება იმის საჭიროება, რომ დიაგნოზი დადასტურდეს, ეს გაკეთდეს“ – აცხადებს გაბუნია.

მსგავსი თემები