,,რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები”- არჩილ თალაკვაძე

,,რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის განცხადებით, რეზოლუციას მხარი 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა არ დაუჭირა, რაც მის სამართლიანობაზე მეტყველებს.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური ჯგუფების ნაწილმა მიიღო და მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები. ქართულმა საზოგადოებამ და ევროპაში ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არანაირი თავისუფალი მედია არ არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის გარანტი და დემოკრატიის სიმბოლო. რეზოლუციაში მოყვანილი ეს კონკრეტული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება. მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა რომ არ დაუჭირა მხარი, ესეც გარკვეულწილად მეტყველებს, თუ როგორ იყო ტექსტი მომზადებული და რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, რეზოლუციაში ნახსენები რეკომენდაციების შესრულება საქართველოს სახელმწიფოს კომპეტენციაა.

„რაც შეეხება იქ მოყვანილ რეკომენდაციებს, მათი შესრულება საქართველოს კომპეტენციას განეკუთვნება, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს, მისი კონსტიტუციისა და კანონის კომპეტენცია. ეს ადამიანები პასუხისგებაში კანონმდებლობის შესაბამისად არიან მიცემული და მათთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას კანონის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო მიიღებს. სიტყვები – სააკაშვილი და ჰუმანიტარული იმდენად დაშორებულია ერთმანეთს, უბრალოდ წარმოუდგენელია, რამე ჰუმანიტარულზე ვილაპარაკოთ. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ აბსოლუტურად ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა არსებობს, ისე, როგორც ყველა სხვა პატიმრის მიმართ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ქვეყანა სამართლიანად და ობიექტურად იმსახურებს.

„რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამას ქვეყანა სამართლიანად, ობიექტურად იმსახურებს იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში აქვს და რაც ასახულია ევროსაბჭოსა და ევროპის კავშირის შეფასებით ანგარიშებში. არსებობს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც პირდაპირ ასახულია საქართველოს პროგრესი. მოველით, რომ ევროკავშირი პრინციპულად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხაროა, რომ ასეთი რეზოლუცია გარკვეული ლობირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორების – „ევროპული სახალხო პარტიის“ მიერ მომზადდა და იყო ინიცირებული, თუმცა ეს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს. გირჩევთ, კენჭისყრის შედეგები გამოითხოვოთ და ნახოთ, რომელმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაუჭირა მას მხარი. საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის საგზაო რუკა, სადაც ჩამოთვლილია მთელი რიგი რეფორმები, რომელზეც ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. გვაქვს რეფორმების გეგმა. თითქმის არც ერთ ქვეყანას, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღო, გეგმისა და პირობების გარეშე არ მიუღია. რა თქმა უნდა, ობიექტურ პირობებს ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და განვითარებისთვის. არაფერი გასაკვირი არ იქნება, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული გეგმით მიენიჭება, ეს ევროკავშირის პრაქტიკაა, როცა ყველა ქვეყანამ, ვინც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო გარკვეული რეფორმების პირობებით“, – განაცხადა  თალაკვაძემ.

მსგავსი თემები