,,ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ეს არის ხელისუფლების დამსახურება”- გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძეევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. მისი განცხადებით, წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს ხელისუფლება აგებს და ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუციაც სწორედ ხელისუფლების ,,სამსახურებაა”.

„სახელმწიფო, რომელიც მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის აღიქმებოდა ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ბერლინშიც როგორც რეფორმების ლოკომოტივი, აღმოჩნდა სრულ მაჩანჩალად. ამის მიზეზის ძებნას თუ დავიწყებთ და ხელს მივყოფთ იმას, რაც ქართულ პოლიტიკურ კლასს ასე ძალიან უყვარს – ერთმანეთის დადანაშაულება, მაშინ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების მთავარი პოსტულატი გავიხსენოთ – წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს ხელისუფლება აგებს. ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ეს არის ხელისუფლების „დამსახურება“.რატომღაც, მავანს ეგონა, რომ ევროპის კავშირი იმ შეურაცხყოფას დაივიწყებდა, რომელიც მას და მის უმაღლეს თანამდებობის პირს მივაყენეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას ბრალი არაფერში მიუძღვის და არავინ არაფერს ეკითხება.

„ჩვენ მშვენივრად ვიცით, რა არის ეს პრეტენზიები. ეს არის – სამართალდამცავი სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა, უკანონო მიყურადებები, საარჩევნო სისტემა. უნდა ავიღოთ ვალდებულება იმის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორება. არსებობს ამის ალტერნატივაც – „ქართული ოცნების“ ლიდერშიფმა ევროპარლამენტარებთან ძველბიჭური ლაპარაკი გააგრძელოს და მაღალი ტრიბუნიდან აცხადონ, თურმე, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ეს არის მათთვის მეორე გამოსავალი. ოპოზიციას ხელი არაფერზე მიუწვდება, არავინ არაფერს არ გვეკითხება, ყველაფერი თვითონ იციან, ყველაფრის სპეციალისტები არიან, ყველა დიპლომატიის ბრწყინვალე ოსტატია და ყველა ფინანსური მენეჯერი, ვინც ჩვენს დროს საელჩოებში იყო, თურმე მინისტრები გახდნენ – ა ბატონო, შედეგი,”- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები