,,ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს, რომ ხალხს მიეცეს საშუალება, ახალი თავი გადაფურცლოს”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, მოსახლეობაში არსებულ საპროტესტო მუხტს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დააგდებს.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ქართველ ხალხს მისცემს შესაძლებლობას, ახალი თავი გადაფურცლონ.

„არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ რას აპირებს, მაგრამ ჩემგან ეს განხილული იქნება როგორც „ქართული ოცნების“ დახმარება. ნებისმიერი ასეთი აქცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა დაგეგმავს, საბოლოო ჯამში, მიდრეკილი იქნება იმისკენ, რომ არსებული საპროტესტო მუხტი, რომელიც ობიექტურად არის სამართლიანი და ობიექტურად იმსახურებს „ქართული ოცნება“, გააქროს და ისევ ჩვეულებრივ რუტინას დაუბრუნდეს პოლიტიკური პროცესი. არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეგნებულად ეხმარებიან თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ აქციებს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და მხარდასაჭერად იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეას აზიანებს თავად. ამიტომ, ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს, რომ ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ ახალი თავი გადაფურცლოს, მათ შორის იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აქციის დაგეგმვა ნებისმიერ იდეაზე სახელის გატეხვაა, მათ შორის, ამ აქციაზე და დასავლურ ღირებულებებზე სახელის გატეხვაა. ამიტომ, თუ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, რაღაცას თავი უნდა დაანებონ და ქართველ ხალხს მისცენ უფლება, მათი ხელმძღვანელობის გარეშე დააორგანიზონ რამე პროტესტი, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება და არა ზემოდან პოლიტიკოსების მითითებით და ორგანიზებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები