„არ მოსწონთ, რომ არაჟნის კონტეინერით შემოპარული სააკაშვილიც და ტელეკომპანიის გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან”- ირაკლი კობახიძე

,,ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა,”- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, სრულიად გაუგებარია, რატომ ედავება ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც  საქართველოს ,,ედავებოდნენ” არის ის, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო.

,,როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ. ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა.

ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველოში კანონი კანონობს და არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარული სააკაშვილიც და ტელეკომპანიის 7 მილიონით გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან.

საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა. თუმცა, რაც არ მოსწონთ კრიმინალების მფარველებს, მოსწონს ქართველ ხალხს – ეს არის მშვიდობა, სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური განვითარება. ვისაც ეს არ მოსწონს, საქართველოს მეგობრად და კეთილმოსურნედ ნამდვილად ვერ იწოდება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები