,,თუკი 7 მილიონამდე ზიანის მიმყენებელი ადამიანის შეწყალებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი ადამიანია, ვინც 10-20 და 30 ათასისთვის ციხეში ზის”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის საქმეა, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. მისი თქმით, თუ ვინმეს აღნიშნული განაჩენი უსამართლობა ჰგონია, მან უნდა გაასაჩივროს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში

„ყველამ უნდა გავითავისოთ ერთი რამ, ეს არ არის ჩვენი საქმე, პრეზიდენტის საქმეა, მაგრამ შეწყალებას ზოგადი დათქმა აქვს. შეწყალება არ არის მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ინსტანციის შემთავსებელი აქტი, რომლის კომპეტენციაც პრეზიდენტს გააჩნია, ანუ, მგონია, რომ რაღაც უსამართლობაა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალოს. თუ ვიღაცას უსამართლობა ჰგონია, მან უნდა გაასაჩივროს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში და თუ უსამართლობაა, ეს უნდა გამოსწორდეს, რა თქმა უნდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუკი 7 მილიონამდე ზიანის მიმყენებელი ადამიანის შეწყალებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც 10-20 და 30 ათასისთვის ციხეში ზის ამ ქვეყანაში, მაშინ მათ შეწყალებაზეც ვისაუბროთ. უნდა გავმიჯნოთ, ეს არის ჰუმანური აქტი ზოგადად, დამნაშავის მიმართ თუ ადამიანის მიმართ, რომელზეც „მთავარმა არხმა“ მთელი საქართველოს ევროპული მომავალი ჩამოკიდა. შესაბამისად, ამას თუ გავმიჯნავთ, მერე ამ თემაზე სწორად ვიმსჯელებთ“,-განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები