,,უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე ვლაპარაკობთ”- დავით უსუფაშვილი

პარტია ,,ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე საუბრობენ. მისი თქმით, ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და ამაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა აიღოს.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სერიოზული პრობლემაა და თავმჯდომარის ნომერი პირველი საქმეა. უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე ვლაპარაკობთ, უნარები გვაქვს ჩახშული, რომ ერთმანეთის რამე გავიგოთ. დაიწყო ლაპარაკი უმრავლესობის წევრმა? – მე ყურები ჩახშული მაქვს, არ მესმის! ეს თქვენ უნდა მოაგვაროთ პერსონალურად, ბატონო შალვა, ამიტომ სჭირდებით ამ პარლამენტს თავმჯდომარედ. როდესაც პარლამენტის სხდომა მიგყავთ, ბიუროს სხდომა მიგყავთ, თქვენი ვალია, რომ სიხშირეები გავასწოროთ და ადამიანებს მაგალითი მისცეთ. ცუდი ამბავია საკუთარი მაგალითების მოყვანა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით – სიგარეტს აღარ ვეწევი 4 წელია, მანამდეც ორჯერ მქონდა სიგარეტისთვის თავი დანებებული, ბოლოჯერ როდის დავუბრუნდი სიგარეტს იცით? – ქუთაისის პარლამენტში რომ დავიწყეთ სიარული. მაშინ გენახათ თქვენ გამყოფი ხაზები უმრავლესობასა და ნაციონალურ ოპოზიციას შორის. მოსაწევ ადგილზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეწეოდნენ, 50 მეტრის სიახლოვეს „ოცნების“ წევრი არ გაივლიდა, ტოქსიკური ტერიტორია იყო რაღაც. მეორე მხარესაც იგივე. ავიღე ხელში სიგარეტი და მოწევა დავიწყე, მივედი ამ „ნაციონალებთან“ და ხან ფეხბურთზე ვლაპარაკობდი, ხან ამინდზე. ვერ გეტყვით, რომ რამე დიდს მივაღწიეთ იქ, მაგრამ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა ამისთვის. ძალიან გთხოვთ ეს გააკეთეთ. დანარჩენი გაცილებით მარტივად გამოვა“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები