,,სალომე სამადაშვილმა ჩართოს წამზომი და შეეცადოს 1 წუთი თუ გაძლებს, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ზიზღის შემცვლელი რიტორიკით საუბრობს. მისი თქმით, უმჯობესია სამადაშვილი დაფიქრდეს საკუთარ ქცევაზე და რიტორიკაზე.

„მოგიწოდებთ დეპუტატებს და ჟურნალისტებს, როდესაც ქალბატონი სალომე გამოვა, ჩართეთ წამმზომი და დაელოდეთ, თუ პირველივე ერთ წუთში არ იქნება ზიზღის სიტყვა. დაელოდეთ, თუ გაძლებს ერთი წუთი მაინც ზიზღი არ გამოურიოს. ჯერ კითხვა დასვა, შემდეგ დააზუსტა და თქვა ჯერ „კლოუნიო“, მერე ქალბატონ მაკაზე თქვა „დაქირავებულიო“, მერე – „მოძალადეებიო“. რა პოლიტიკურ კულტურაზე უნდა ვისაუბრო და რა იმედები გვაქვს, როდესაც ის თავად საუბრობს, რომ კოლეგებს ელაპარაკება ევროპაში და არწმუნებს. ხომ ხვდებით რაზე ელაპარაკება? რაზე უნდა ელაპარაკოს, იმაზე, რომ „კლოუნები“ არიან ხელისუფლებაში, იმაზე, რომ დაქირავებულები არიან ხელისუფლებაში? იმაზე, რომ მოძალადეები არიან და ზიზღია ყველგან? ეს არის მისი პოლიტიკური ამოცანა. ერთადერთი რჩევა მექნება მასთან, რომ რეფლექსია მოახდინოს და საკუთარი თავს დაუფიქრდეს. საუბარს რომ დაიწყებს, თავადაც ჩართოს წამმზომი და შეეცადოს ერთი წუთი თუ მაინც გაძლებს, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს. ვურჩევ მას, მისთვისაც კარგია, რომ დაფიქრდეს საკუთარ ქცევაზე და რიტორიკაზე, დაფიქრდეს იმაზე, რომ თავისივე სტუდენტების თვალწინ არ დაიწყოს ზიზღის ენის გამოვლენა, რაც გუშინ მოხდა. მე ეჭვი მეპარება, რომ ის შეძლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას აუდიტორული საქმიანობის დროს და ლექციის წაკითხვისას. როდესაც თავისსავე სტუდენტებთანაც კი უჭირს ზიზღი არ გამოავლინოს, წარმომიდგენია უცხოელ პარტნიორებთან რა სურათს სახავს საქართველოსთან დაკავშირებით. დაქირავება არა, მაგრამ მის გვერდით ზის არმაზ ახვლედიანი, რომლის ტაქტის და ეთიკის მიმართ არავის კითხვის ნიშანი არ აქვს, ამიტომ დაქირავება არ არის საჭირო, დარწმუნებული ვარ, მეგობრულადაც ბევრ რჩევას მისცემს ამ მიმართულებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები