,,როდესაც ქვეყანას ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერას  უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიმართ ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ უკრაინის რადას სპიკერთან, ისევე როგორც ჩემს კოლეგებთან მოლდოვიდან და საქართველოდან. ევროპარლამენტი აცხადებს უკიდურესად მკაფიოდ, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი და სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.  ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ჰკითხავთ, ისინი ახსნებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემთვის ეს პოზიცია არის მკაფიო. ამ თვეში, მოგვიანებით ევროპული საბჭოს სხდომაზე წავიღებ ევროპარლამენტის ურყევ გზავნილს. დღეს მე დავადასტურე, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენ მას მივესალმებით, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანას ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს.

„გაფართოების პროცესები ყოველთვის რთულია, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ვახსენე სიტყვა იმედი, სწორედ ეს არის. უკრაინელები ომობენ ჩვენს ომს, არის თუ არა ახლა დრო, რომ მათ ზურგი ვაქციოთ? არის თუ არა ახლა დრო დავუხუროთ მათ კარი? როდესაც ქვეყანას ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს – უფრო ღრმა ინტეგრაცია, მომზადება, აღდგენა, პროგრამები, სხვადასხვა სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს პერიოდი არის გადამწყვეტი და უნდა გახდეს ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც აჩვენა თავისი მზადყოფნა, გადადგას ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად“, – აღნიშნა მეცოლამ.

მსგავსი თემები