,,იმედი მაქვს, ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს ქვეყნის დემოკრატიზაციის რეგრესის მიუხედავად”- კახა ოქრიაშვილი

„ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ახალი მესიჯბოქსი შემოგვთავაზა საზოგადოებას. თურმე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობა შევასრულეთ, ხელს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ გვიშლის. გამოდის, ნაციონალურ მოძრაობას იმხელა გავლენა აქვს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაზე, რომ  შეუძლია ჩვენი წევრობა დაბლოკოს ან პროცესი დადებითად გადაწყვიტოს.  ამ ლოგიკით, რაში გვჭირდება „ქართული ოცნება“, თუ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ევროკავშირის წევრი გაგვხადოს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა კახა ოქრიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი.

„ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, ცუდად ხართ მომზადებული და ევროკავშირის წევრობის გზაზე ნაკისრ ვალდებულებებს და რეფორმებს არ ატარებთ.  ივანიშვილი კი პასუხობს, რომ ყველა პირობა შესრულებული აქვს. აქედან დასკვნა, არც აპირებენ არაფრის  შესრულებას და თავს ხან მოლდოვას, ხან უკრაინას და ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს ადარებენ. იმედი მაქვს, ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს ქვეყნის დემოკრატიზაციის რეგრესის მიუხედავად, რათა ჩვენ ერთად, ოპოზიციამ და საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი გაატაროს ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმები“, – აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

მსგავსი თემები