ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის ერთი ქალია

​თბილისის ღამის კლუბებში, გუშინ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 დაკავებულს შორის ერთი ქალია, რომლის ასაკი 21-დან 30 წლამდეა.
​ასევე, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, კაფე “გალერის” დაცვის თანამშრომელი ვიქტორ ჟამუტაშვილი, მეტსახელად “ვიტოა“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების მუხლით წარედგინათ, რაც თავისუფლების 8-დან 20 წლამდე აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ ბოცვაძემ, განაცხადა, რომ კლუბში მყოფი პირების ერთმა ნაწილმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტიის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალებები ნებაყოფლობით ჩააბარა.

​მისივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი უკვე თავისუფალია, ხოლო ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

მსგავსი თემები