,,საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება ეკუთვნის მთავრობას”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მხრიდან,  დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას ეხმიანება.

მისი თქმით, საქმე ეხება კონკრეტული ელჩების დანიშნვნაზე პრეზიდენტის მხრიდან უარს და აღნიშნული საქმე ვერავითარ შემთხვევაში არ გახდება და ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში არ გახდება და ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც გააკეთებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ნორმის განმარტება. ანუ განმარტავს იმას, როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. იმპიჩმენტის საფუძველი ეს საქმე არ გახდება. სარჩელი არის საჯარო. შეგიძლიათ, ამოიკითხოთ ამ სარჩელიდან, რეალურად სად შეიქმნა პრობლემა.

კერძოდ, პრეზიდენტისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთავაზებულ იქნა სამი გადაწყვეტილება. ერთი ეს იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა უარი, გაუგებარია მიზეზი და იყო მოქმედი, მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის გადასვლა კანადაში, ამაზეც ითქვა უარი. ეს იყო იმნაძის გათავისუფლება ვადამდე, თუმცა ტექნიკური საკითხი, ივნისში ისედაც ეწურება ბატონ იმნაძეს უფლებამოსილების ვადა. უარი ითქვა ამ სამ შეთავაზებაზე – იმნაძეს ორი თვით ადრე შესწყვეტოდა უფლებამოსილება და გადასულიყო კანადაში და ბაქრაძე დანიშნულიყო გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად. ეს წარდგინება შევიდა მთავრობის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან პრეზიდენტთან და ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, სარჩელი შეეხება თანამდებობის ორ პირს, დავით ბაქრაძეს გაერო-ში, კახა იმნაძეს – კანადაში. ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება ეკუთვნის მთავრობას.

„ძალიან მარტივია აქ რეალობა. საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება ეკუთვნის მთავრობას. საქართველოც არის საპარლამენტო რესპუბლიკა. არის უამრავი სხვა არგუმენტიც, რომელიც ამყარებს დასკვნას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სამართლებრივად ამ თემასთან დაკავშირებით. ამ სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. გერმანიის პრეზიდენტი, ესტონეთის, ირლანდიის პრეზიდენტები ნოტარიუსები არიან? ან ინგლისის დედოფალი ნოტარიუსია? ესპანეთის მეფე? არ წერია არსად. მე მასწავლით კონსტიტუციებს? ვახტანგ ხმალაძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და არსებობს საოქმო ჩანაწერები, აცხადებდა, რომ პრეზიდენტისთვის ეს იყო სიმბოლური კომპეტენცია. ახლა სხვა რამეს რომ ამბობს, ეს არის სირცხვილი. პირდაპირ საოქმო ჩანაწერებს ამოვიღებ, რას ამბობდა ვახტანგ ხმალაძე მაშინ და რას ამბობს ახლა. ეს არის ნამდვილი სირცხვილი და არ უნდა იკადროს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები