„150 ადამიანიც რომ შეიყვანოთ ოლიგარქთა რეესტრში, ევროკავშირს ერთი ოლიგარქი ჰყავს შეყვანილი ამ რეესტრში“ – ნაცვლიშვილი ოხანაშვილს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამ წუთებში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტს დეპუტატი ანრი ოხანაშვილი წარადგენს. კანონპროექტი უკრაინაში მიღებული კანონის ანალოგია. დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კომიტეტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართავს და აცხადებს, რომ მისთვის არავის დაუვალებია „კუდიანებზე“ ნადირობა.

„იცნობთ თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ზუსტად იმ პერიოდშია მიღებული როდესაც 12 პუნქტიანი წინაპირობა მივიღეთ კანდიდატის სტატუსისთვის? ასევე, იცნობთ თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს იმის შესახებ რომ საქართველოს ჰყავს ერთადერთი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი? მე და თქვენ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ვინ არის ოლიგარქი, რას ნიშნავს ოლიგარქია და ასე შემდეგ, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. გასაგებია, რომ ეს თქვენთვის მტკივნეული ამბავია.

მას აქვს აქვს საპატიო ადგილი ამ „რეესტრში“ რომელზეც თქვენ საუბრობთ. ის უწყება, რომლის რეკომენდაციების შესასრულებლადაც არის ახლა ეს პროცესი წამოწყებული, ერთადერთ ადამიანს მიიჩნევს ოლიგარქად სხვას არავის, იქ არ უთქვამთ, რომ რეესტრი უნდა შეადგინოთ და „კუდიანებზე“ ნადირობა გამოაცხადოთ. ძალიან გასაგებად ჩაიწერა ერთი ადამიანის სახელი და გვარი.   მეტიც, ამ რეზოლუციაში ევროპარლამენტის მხრიდან ჩაიწერა, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანის სანქცირების თემის შესწავლა და დღის წესრიგში დაყენება. თქვენ 150 ადამიანიც რომ შეიყვანოთ ოლიგარქთა რეესტრში, ევროკავშირს ერთი ოლიგარქი ჰყავს შეყვანილი ამ რეესტრში“ – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილს.

მსგავსი თემები