150 ნეშტის წარმომავლობას მუსლიმები ეჭვით უყურებენ და ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოს ხელისუფლებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს და 3 ძირითადი მოთხოვნის შესრულებას ითხოვს. პირველი – ბათუმში აღმოჩენილ 150-მდე ადამიანის ნეშტს ჩაუტარდეს დნმ ანალიზი; მეორე – თუ ანალიზით მათი ვინაობის დადგენა შეუძლებელი იქნება, ძვლების გადასვენება მოხდეს ნეიტრალურ სასაფლაოზე; მესამე – დაკრძალვა არანაირ დღესასწაულს არ უნდა დაემთხვეს.

აღნიშნული მოთხოვნები სტულიად საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა, სადაც ის ბათუმიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა.

„ჩვენ ინფორმირებულებიც კი არ ვიყავით და არაფერი ვიცოდით, თუ ბათუმში მსგავსი სამარხი არსებობა. ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც სამარხი გაითხარა. ეს ადასტურებს, თუ როგორია კომუნიკაცია და ჩართულობა. თუმცა, ფაქტის შემდეგ, ყველა პროცესში ჩართული ვართ. თავად მუსლიმი მრევლი იყო ჩვენთან მოსული და სურთ ყველა საკითხი ჩავერთოთ. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა მათგანი ამ ინფორმაციის მიღებით“, აღნიშნა მუფტმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნებს, ბეგლარ ქამაშიძე, მუსლიმი მრევლის სახელით, დნმ ანალიზის ჩატარებას კატეგორიულად ითხოვს.

„ჩვენ გვაქვს 3 ძირითადი მოთხოვნა. ახლობლებს სურთ, ნათესავების ვინაობა გაიგონ, თუ რომელი მიცვალებულია მათი. ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, რომ თუ შესაძლებლობა იქნება, ეს ანალიზი ჩატარდეს, რადგან ვხედავთ, რომ ყველა ეჭვობს, ის ადამიანები არიან თუ არა მათი წინაპრები. ანალიზის ჩატარების შემთხვევაში კი ეს ეჭვი ადამიანებს მოეხსნებათ. სახელობით სიაში, ძალიან ბევრი სულიერი წინამძღვარია მუსლიმებიდან. როგორც იცით, კომუნისტებს არ ჰქონდათ მიდგომა, რომ როდესაც დახვრეტდნენ, ნეშტები ცალ-ცალკე დაემარხათ. შესაბამისად, ყველა ერთ სამარხშია. თუ გართულდა ვინაობის დადგენა და დნმ-ს ანალიზის ჩატარება, კარგი იქნება, მოხდეს ამ ადამიანების ნეიტრალურ სასაფლაოზე დაკრძალვა, რომელიც არ უნდა ეკუთვნოდეს არც ერთ რელიგიურ დაწესებულებას და მესამე, გასვენება რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მუსლიმთა სამმართველო მზადაა, დნმ ანალიზის ჩასატარებლად, რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება, წვლილი თავადაც გაიღონ.

მსგავსი თემები