“150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება” – გიორგი გახარია

“შეუძლებელია, უბრალოდ ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება. 150 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. შეუძლებელია, უბრალოდ ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი. პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მომენტისთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია სოციალური დახმარების ნაწილში და ეს ასეც იქნება. გარდა ამისა, სოციალური დახმარების ნაწილობრივი პაკეტი მთავრობამ უკვე წარადგინა – კომუნალური ხარჯების ნაწილში უკვე ვეხმარებით მოსახლეობას და ეს ძალიან დიდი მოცულობის კომპონენტია. ეს გააზრებულად გავაკეთეთ, ვინაიდან ვიცოდით, რომ მიზნობრივი და წერტილოვანი დახმარებისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდებოდა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი და დასადგენი. ეს არ არის ერთდღიანი ან ერთთვიანი კრიზისი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისში ყოფნა ერთი წელი ან წელიწადნახევარი მოგვიწევს. ეს გამოწვევა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ჩვენ შეიძლება ეკონომიკა გავხსნათ და კომპანიებს მუშაობის საშუალება მივცეთ, მაგრამ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები შეიძლება კარანტინში კიდევ თვეების განმავლობაში დარჩნენ. ჩვენთვის ათვლის ფორმალური წერტილია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როდესაც მის გახანგრძლივებაზე ვისაუბრებთ პარლამენტში, ეს გეგმა გვექნება“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები