15 -16 სექტემბერს, მსოფლიოს დასუფთავების აქციებს საქართველოც უერთდება  

15 და 16 სექტემბერს, მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში მასშტაბური დასუფთავების აქციები გაიმართება. აქციაში გაერთიანებულია ორი კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World ) და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ ( Let’s Do It, World). აქციის ორგანიზატორების მოწოდებაა, – “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება და გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის”.

მსოფლიოში მიმდინარე აქციების პარალელურად, საქართველოს რეგიონებში გაიმართება კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“, რომლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ორგანიზებული დასუფთავების აქციები. დასუფთავდება კრწანისის ტყე-პარკი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო ქვემო ფონიჭალაში.

აქციები დაიწყება 15 სექტემბერს, 11:00 საათიდან. მოხალისეებს შეუძლიათ შეიკრიბონ დილის 09:00 საათიდან 10:00-მდე “ვარდების რევოლუციის” მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან.

დასუფთავების კამპანიის ორგანიზატორები არიან “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები”, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა” პროგრამით „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID.

​როგორც
 “მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგიონებში დასუფთავების აქციებს კოორდინაციას გაუწევენ მისი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

“აქცია მაქსიმალურად მოიცავს სოფლებს და ქალაქებს. ის დაიწყება სხვადასხვა დროს. ყველა რეგიონმა და  მუნიციპალიტეტმა გამოგვიგზავნეს ადგილების ნუსხა, სადაც არის სერიოზული დაბინძურება. ბევრი მუნიციპალიტეტი დაგვპირდა მძიმე ტექნიკის გამოყვანას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, რომ არალეგალური ნაგავსაყრელებიც ალაგდეს”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო კამპანია – “დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა. ხოლო კამპანია Let’s Do It, World -ს საფუძველი ესტონეთში ჩაეყარა. დასუფთავების აქცია დღეს, დაიწყება ახალ ზელანდიაში და ეტაპობრივად ყველა ქვეყანა ჩაერთვება. აქციის ძირითადი მონაწილეები არის მოსახლეობა, ასევე, ჩაერთვებიან სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო კომპანიები.

მსგავსი თემები