15 წლის მოზარდის მდგომარეობის შესაფასებლად, ისრაელიდან პროფესორები ჩამოდიან  – „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ფაქტი    

“მწვანე სკოლის” ყოფილი მოსწავლის, რომელმაც თვითმკვლელობა მე-9 სართულიდან გადმოხტომით სცადა, მდგომარეობა ისევ რთულია. როგორც მოზარდის ძმამ „მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა“ მკურნალობაში ხვალიდან ისრაელიდან ჩამოსული პროფესორები ჩაერთვებიან.

„ხვალ ექიმებს ველოდებით ისრაელიდან. კონსილიუმი ექნებათ და გაერკვევიან მის მდგომარეობაში. ამჟამად, მისი მდგომარეობა იგივეა კომაშია, მძიმედაა. კვალიფიციური სპეციალისტები ჩამოჰყავთ და ერთად დააკვირდებიან და შეჯერდებიან“ – განუცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის თბილისელი მოსწავლე  იაშვილის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უმძიმესია, მრავლობითი მოტეხილობები და თავის ქალის მძიმე ტრავმა. ლუკა ოთხშაბათს, 9 სართულიდან გადახტა და  მეოთხე დღეა მართვით სუნთქვაზეა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე, სამშაბათს და ოთხშაბათს არასრულწლოვანი შსს-ს დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს დიღმის მასივის პირველ განყოფილებაში პოლიციელებმა გამოჰკითხეს, თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამო.

სკოლის და პოლიციის ვერსიით, იგი ღამით, მაშინ, როცა სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა, ღობეზე გადაძვრა, „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გადავიდა და სკოლის და ადმინისტრაციის შენობების კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა, მათ შორის, „ამ ცხოვრების დედაც“, „აბა დამიჭირე“, Fack (Fuck-ის ნაცვლად).

მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზად მის მიმართ პოლიციაში განხორციელებული ზეწოლა სახელდება. მოზარდის ძმა ყვება, რომ  პოლიციელებმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს.


მსგავსი თემები