15 წელი და 400-ზე მეტი გადამზადებული ჟურნალისტი – ბრიტანეთის საბჭო მედიისთვის  

ბრიტანეთის საბჭო და BP, ხვალ ყველა იმ ჟურნალისტის მასპინძელია, ვინც მედიის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15 წლის განმავლობაში,  ინგლისური ენის სასწავლო კურსები გაიარა.  შედეგად,  ბეჭდური, სამაუწყებლო და ონლაინ მედიის 400-ზე მეტი წარმომადგენელი დღეს ინგლისურად თავისუფლად წერს, საუბრობს და ჟურნალისტურ საქმიანობაშიც აქტიურად იყენებს.    

გლობალური მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა; საკომუნიკაციო  შესაძლებლობების განვითარება;  შეხვედრა ცნობილ ბრიტანელ მხატვრებთან, მსახიობებთან, მუსიკოსებთან თუ ჟურნალისტებთან – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბრიტანეთის საბჭომ BP-სთან თანამშრომლობით ქართულ მედიას შესთავაზა.

საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს სწავლების ცენტრის მენეჯერის  სტივენ შელის შეფასებით, აღნიშნული მედია პროგრამა კავკასიაში უპრეცენდენტო იყო, რაც ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია.

საქართველოში BP- ის საგარეო საქმეთა მმართველის, გია ღვალაძის თქმით კი 15 წლის მანძილზე, მედიის წარმომადგენლებმა გაიუმჯობესეს ინგლისური ენის ცოდნა, პროფესიონალური და პირადი კონტაქტები, რაც მათი კარიერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. „ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ, BP და ბრიტანეთის საბჭო ამ პროცესების მონაწილეა“ – აღნიშნა გია ღვალაძემ.

იმ ჟურნალისტების მიღება, ვინც ბრიტანეთის საბჭოს სპეციალური კურსები გაიარა, ხვალ გაიმართება.

მსგავსი თემები