1,5 მლრდ ლარი, არჩევნების II ტურში დიდ ცვლილებას ვერ შეიტანს -დემურ გიორხელიძე  

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომელიც 1,5 მლრდ ლარის მოსახლების სასესხო დავალიანებაში გადახდაში მდგომარეობს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შეიტანს.

​მისი აზრით, პირველი ტურისგან გასხვავებით მეორე ტურის შედეგი შესაძლოა იმ მხრივ შეიცვალოს, თუ ქართველი ხალხი ირწმუნებს, რომ “ხელისუფლება რამის გამკეთებელია”.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დემურ გიორხელიძემ განუცხადა, ქართველი ამომრჩეველი არის ყველაზე არაპროგნოზირებადი და ის ემოციების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.

​”მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ხელისუფლებისგან ჯერჯერობით, პროფესიული ენაზე ახსნილი ვერაფერი მოვისმინე. არავის უთქვამს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რას გააკეთებენ. ერთ წელიწადში დავალაგებთ ყველაფერსო,- ეს ჰგავს იმას, რომ როგორც მორწმუნეებს სწამთ ღმერთის, ისე უნდა ირწმუნონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვების იმათ, ვინც არის ბიძინა ივანიშვილის და “ოცნების” მორწმუნე”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისივე თქმით, ერთი კერძო ფონდის მიერ გამოხატული სურვილი, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაუფაროს დავალიანება, ქვეყანას არანაირ ეკონომიკურ ეფექტს არ მისცემს. დღეს  ბანკები არის დომინირებული სტრუქტურა ქვეყანაში, ხელისუფლებების წაყრუების შედეგად. ეს არის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობში ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

“ფული არ არის და არ იქნება ხელმისაწვდომი, როგორც განვითარდნენ ქვეყნები, არაფერი იმის მსგავსი საქართველოში არ კეთდება, ჩვენ ისევ ტურიზმზე და ღვინოზე ვლაპარაკობთ. ეს არის სრულებით უპერსპექტივო მიმართულებები. ერთი სექტორიც და მეორეს ძალიან კარგად უნდა მუშაობდეს, მაგრამ მათზე აქცენტის გაკეთება დაუშვებელია”, -მიაჩნია დემურ გიორხელიძეს.

 

მსგავსი თემები