15 წლის შემდეგაც, ქვეყანა თავისუფალი სასამართლოს პრობლემის წინაშეა – მამუკა კაციტაძე

“ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კონკრეტულ კრიტერიუმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი არჩევის ძირითადი კრიტერიუმი სანდოობა და პროფესიონალიზმი უნდა იყოს.

როგორც მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა დღეს, მის მიმართ უნდობლობაა, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კანონის დამცველი და აღმასრულებელი სასამართლო საზოგადოების ნდობით სარგებლობდეს.

“გამახსენდა 15 წლის წინანდელი პერიპეტიები. მაშინ, პარლამენტის დეპუტატი ვიყავი და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოიყენა ფრაზა, – შსს არის ქვეყნის ხერხემალიო. ამ ფრაზამ მაშინ აღშფოთება გამოიწვია. ქვეყნის ხერხემალი არის კანონი და ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც კანონს იცავს. სამწუხაროა, რომ 15 წლის შემდეგ, კვლავ გვაქვს მოცემულობა, როცა სასამართლო სისტემა ისევ მეორეხარისხოვანია და აქცენტები ისევ ძალოვან სტრუქტურებზე კეთდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფოს მართვის კონტექსტში არაფერი შეცვლილა და ქვეყანაში ისევ არსებობს თავისუფალი სასამართლოს პრობლემა. სასამართლო სისტემის პრობლემა მაშინაც და ახლაც არის ნდობის პრობლემა, არამარტო პოლიტიკურ სივრცეში, არამედ საზოგადოებაში,” – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

​მისივე თქმით, წარმოდგენილ მოსამართლეთა კანდიდატებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ  უკავშირდებიან შავ-ბნელ საქმეებს, რაც მათ რეპუტაციას აზარალებს.

მსგავსი თემები