„ოპოზიცია სერიოზულად მოემზადა, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლებას წარმატება არ ჰქონდეს.

„ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მოემზადა და გააფთრებული შეტევა აქვთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან როგორმე რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს. ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სწორედ იმ რაკურსში განიხილება, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იმარჯვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები – მარცხდებიან. ყველაფერი, რაც ევროკავშირის წევრების კანდიდატობას ეხება, სწორედ ამ მიმართულებით არის განხილული. ოპოზიციას დღეს სხვა თემა არ აქვს. რასაკვირველია, იქ სუფევს სრული დეზინფორმაცია, რომ ომი არ უნდათ, რეალობაში კი, მეორე ფრონტის გახსნაზეა ლაპარაკი, ან ეკონომიკური სანქციები არ უნდათ, მაგრამ შავი ხვრელების თემა შემოიტანეს. ეს ყველაფერი არის სტრატეგიული სქემა, რომელსაც ხაზავენ იმის გამო, რომ საზოგადოების თვალში კარგები გამოჩნდნენ. რეალურად კი ყველაფერი გააკეთეს, რომ მოცემულ ხელისუფლებას წარმატება არ ჰქონდეს. რეალურად როგორია რეიტინგი ქვეყნის სასამართლოსთან, კორუფციასთან, მედია თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ეს თემა არავის აინტერესებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები