,,გამოწვევებით სავსე, მაგრამ საინტერესო დროს მინდა, აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში და სარგებელი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას“- ნათია თურნავა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმინეს. მისი თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, მზადაა მისი წვლილი შეიტანოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში.

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, სალომეს ზურაბიშვილის იმ ნდობისთვის, რაც მან გამომიცხადა. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, ის პროექტები, რისი განხორციელებაც ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად მოვახდინეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ვფიქრობ, დღეს არის საკმაოდ რთული პერიოდი მსოფლიოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღეს ვხედავთ და ამას ეროვნული ბანკიც ეთანხმება, არის ინფლაცია და გლობალური პრობლემა, რომელიც ყველა ქვეყანას, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის  მონეტარული პოლიტიკა  ინფლაციას ადეკვატურად პასუხობს.

„შესაბამისად, ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე დარწმუნებული ვართ, რომ ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. სწორედ ამ გამოწვევებით სავსე, მაგრამ საინტერესო დროს მინდა, რომ აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში და ჩემი წვლილი, ჩემი სარგებელი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას“, – განაცადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები