,,ეს რეზოლუცია პასუხია იმ პროპაგანდისა, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან”, თითქოს ოპოზიცია ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას”- ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ALDE-ს მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია პასუხია იმ პროპაგანდისა, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან”, თითქოს ოპოზიცია ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისივე თქმით, ოპოზიციამ ევროპელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, დღეს უკვე, ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებას და კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება” საკუთარ ევროპულ ოჯახთან მსგავსად იმუშავებს. ასევე ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების” აქტიურობას და სისტემურ შეხვედრას ევროპის დედაქალაქებში, რაც იქნებოდა დასტური იმისა, რომ ის ცდილობს და მაქსიმუმს აკეთებს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ, ჩვენი არგუმენტებით ევროპელი პარტნიორები დავარწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დაშორდა საზოგადოებას, ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს რეზოლუცია ასევე პასუხია იმ პროპაგანდისა, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან”, რომ თითქოს ოპოზიცია არ მუშაობს და პირიქით, ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სინამდვილეში კი, ოპოზიციამ დაადასტურა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ სტატუსის მისაღებად, რომ „ქართული ოცნება” პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათი მხრიდან მტკიცე ნაბიჯები დავინახოთ“,- განაცხადა სამნიძემ.

მსგავსი თემები