რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

78 წლის საკში ყველასთვის ცნობილი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე  გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში სარეჟისორო საქმიანობას ეწეოდა არაერთ ცნობილ თეატრში როგორც საქართველოში, ისე  მის ფარგლებს გარეთ.

1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წლებში იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, 1970-1980 წლებში გახლდათ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში იგი იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1991 წლიდან თემურ ჩხეიძე იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი.

თემურ ჩხეიძე საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული, 1969 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი.

რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.

თემურ ჩხეიძეს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვისა და უდიდესი ღვაწლისთვის მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, მათ შორის: საქართველოს სახალხო არტისტი (1981 წელი); საპატიო ნიშნის ორდენი; „ოქროს გრან-პრი“; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი), პრემია „ქართული ხელოვნების რაინდი“; თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2010 წელი); „ილიას მედალი“ (2013 წელი); სანქტ-პეტერბურგის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“; სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია „ოქროს სოფიტი“ და არაერთი სხვა.

 

მსგავსი თემები