თურქეთი აცხადებს, რომ ფინეთსა და შვედეთს პრობლემების გამოსწორება არც დაუწყია

ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრინებასთან დაკავშირებით თურქეთს ისევ პრობლემები აქვს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ პრ ქვეყანას, პრობლემების გამოსწორება არც დაუწყია.

„ჩვენ კონსტრუქციულად გავუზიარეთ ჩვენი მოლოდინი და შეშფოთება ჩვენს შვედ და ფინელ კოლეგებს. ხაზი გავუსვით ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობას და ამ ქვეყნებში ისეთი კრიმინალური ორგანიზაციების წევრების ყოფნის დაუშვებლობას, როგორებიცაა PYD/YPG და ფეთულაჰ გიულენის მიმდევრები. ანკარამ ჰელსინკსა და სტოკჰოლმს გადასცა სრული ინფორმაცია ამ სტრუქტურების სისხლიანი დანაშაულების შესახებ, ასევე ტერორისტების შესახებ შვედეთსა და ფინეთში“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი.

მისივე შეფასებით, თურქეთი დაელოდება ფინეთისა და შვედეთის მხრიდან ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

„ნატო-ს სამიტი ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე. მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერება, წვლილის შეტანა თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაში. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის მოლოდინი ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გათვალისწინებული იყოს. ნატო არის უსაფრთხოების ალიანსი და არა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ან ტურიზმის განვითარების პლატფორმა“, – აღნიშნა კალინმა.

 

მსგავსი თემები