“სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში” – მინისტრი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა შეუძლებელია. როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ გაიყვანონ, არ არსებობს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში. თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი, ან უნდა გათავისუფლეს სასჯელისგან. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს კანონის შესაბამისად და რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ჩვენი მოქმედებაც იქნება იმის შესაბამისი.

პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი სამკურნალოდ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ არ არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც არის მაღალკვალიფიციური, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოჯახისა და პირადი ექიმების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა.

 

 

მსგავსი თემები