,,ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების  ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ ევროპეიზაციისთვის ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა და ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

,,ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უნდა გავიგოთ, რომ სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ ძალზე ამბიციური რეფორმები, 2012 წლიდან ყველა მიმართულებით, სასამართლო, მასმედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობის სფეროში, დემოკრატიის კონსოლიდაციის სფეროში. 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ეს არის ძირითადი გეგმა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ევროპეიზაციისთვის, მოდერნიზაციისთვის. იმ დროიდან ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და ბოლოს, ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობ ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ ჩვენს ხალხთან ერთად, ეს გახლავთ ჩვენი ადამიანების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას. ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ასევე სრულდება. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ მაღალი ფასი გადაიხადა ევროინტეგრაციისთივის.

,,ახლა გადამწყვეტი დრო არის, როცა ვხედავთ რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინაში. ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო. საქართველოში იყო ომი გაცილებით უფრო ადრე, 2008 წელს. ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. საქართველოს მოსახლეობამ გადაიხადა ფასი. 90-იანებში ორი ომი გვქონდა რუსეთთან მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ეს არის ჩვენი შემართულობის საკითხი, ჩვენი არჩვენისა და ცივილიზაციური საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები