,,როდესაც მძიმე ეპითეტებით მოიხსენიება ესა თუ ის კონსტიტუციური ორგანოები, ამას სულ მცირე უნდა მოყვეს არგუმენტი”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, ეპითეტებით საუბრის ნაცვლად საჭიროა არგუმენტები.

„ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ არ მოვისმინეთ არგუმენტი, ეს არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, როდესაც ასეთი მძიმე ეპითეტებით მოიხსენიება ესა თუ ის კონსტიტუციური ორგანოები, ამას სულ მცირე უნდა მოყვეს არგუმენტი. აქ საკმარისი არ არის, რომ ვიღაცამ გააკრიტიკა, ვიღაცამ ასე თქვა და ვიღაცამ ისე თქვა. აქ მნიშვნელოვანია არგუმენტი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციურ ორგანოზე, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორე კონსტიტუციურ ორგანოს ასეთი ეპითეტით ამკობს. ამ კუთხით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ
იყოს არგუმენტები. სწორედ ამიტომაც, პარლამენტში შექმნილია ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციაც მონაწილეობს და სადაც მსჯელობა მიდის როდესაც არის ბევრი ხმამაღალი განცხადება სასამართლოსთან მიმართებით, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება ხოლმე, არგუმენტები ცოტაა. ჩვენ ასეთი ხმამაღალი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებითაც გვახსოვს და საქმე საქმეზე რომ მივიდა, ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. იმ სამუშაო ჯგუფის იდეა რა არის? – ის, რომ ყველამ დალაგებულად, გაწერილად და ჩამოყალიბებულად წარმოადგინოს არგუმენტები, კონკრეტულად რას ხედავენ როგორც პრობლემას და თუ კი შევთანხმდებით, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რა გზებით შეიძლება რაიმეს შეცვლა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, დღეს პარტნიორები ახსენებენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო.

მსგავსი თემები