,,როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც თუ მიხეილ სააკაშვილის  მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება, მაშინ ხელისუფლებამ მისი საზღვარგარეთ გაყვანა ან უცხოელი ექიმის ჩამოყვანა უნდა უზრუნველყოს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს.

„მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით არის ორი განზომილება. ერთი, მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა ორი დანაშაული. ეს არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმე, ეს არის დადასტურებული. არავის ამ ქვეყანაში ეჭვი არ ეპარება ამ საკითხში, თუკი, ის მიკერძოებული არ არის. შესაბამისად, დანაშაულის გამო სასჯელი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, მეტ-ნაკლებად ყველა ამ მომენტს შეეგუა. მეორე, ეს გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი, ისევე, როგორც დანარჩენი 9000-ზე მეტი პატიმრისა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაშია, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სხვათა შორის, თუკი, დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი და განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მეორე, მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს მიწოდებული და ამას ახერხებს სწორედ სასჯელაღსრულება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები