პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 18 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, შვიდი საქმე განიხილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა ექვსი თვით შეუჩერდა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

„პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები