,,მხარს ვუჭერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისთვის”- კრიშიანის კარინიში

ლატვიის პრემიერ-მინისტრის კრიშიანის კარინიშის განცხადებით, ის მხარს უჭერს საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. მისი თქმით, დროა ევროკავშირი გაფართოვდეს.

„კანდიტატობის სტატუსი განხილული იქნება ივნისში, ევროკავშირის საბჭოს შემდეგ სხდომაზე. მე მხარს ვუჭერ ამ ნაბიჯს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ პოლიტიკური გზავნილი გავაკეთოთ, თუმცა დისკუსია ჯერ კიდევ ღიაა და ვნახოთ, რა მოხდება. მე მხარს ვუჭერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს მნიშვნელოვანია ნაბიჯია ევროპისთვის, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ. ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ და სურთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, წინ წაწევა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ძალიან არასტაბილურ სამყაროში ვცხოვრობთ. რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში არის საფრთხე არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ რუსეთმა წააგოს ომი. ასევე, უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა. თუმცა, ახლა ჩემი აზრით, დადგა დრო, რომ ვისაუბროთ ევროკავშირის უფრო ფართო კლუბად ქცევაზე“, – აღნიშნა კარინიშმა.

მსგავსი თემები