,,ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი”- სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გამართულ კონგრესს აფასებს, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. მისი თქმით, EPP ნაცვლად  საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა , „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც მიუსაჯა მას სამართლიანმა სასამართლომ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე უთხრა უარი სააკაშვილს, განეხილა საკითხი, რომელიც მის მიმართ თითქოს უღირს მოპყრობას ეხებოდა. ცარიელი სკამი დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი, ძალიან დიდხანს მოუწევს ამ სკამს ცარიელად ყოფნა და ყველაზე მტკივნეული რაც იყო, იმ დროს, როცა საქართველო, ქართველი ხალხი ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, EPP ერთ სიტყვასაც არ ახსენებს სტატუსთან დაკავშირებით. ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ევროპაში დადის. ძალიან ცუდია, რომ EPP ნაცვლად მხარდაჭერისა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით საპირისპიროს აკეთებს,“ – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი თემები