პროკურატურამ დაკავებულ ძმებ კაკულიებს ბრალი წარუდგინა

ძმები კაკულიების დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, დაკავებულ დავით და გუგა კაკულიებს ბრალი უკვე წარუდგინეს.

საუბარია ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე.

„საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნილია. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.   ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 30 მაისს  დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ და მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით  (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა,  ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას),  236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით  (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13- დან 17  წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან  მათი შესაძლო შემხებლობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ბრალდებულების მიერ სომხეთში დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით“ – განაცხადა პროკურორმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ძმებ კაკულიებს დანაშაულის შემკვეთებად ასახელებს.

 

მსგავსი თემები