„ევროპის სახალხო პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, განცხადებას ავრცელებს

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.

„ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და შედეგად გამოიღო დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის გაგრძელება, მათ შორის, დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის თავისუფლების, თანაბარი პოლიტიკური პირობებისა და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების კუთხით“, – წერია განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში საუბარია~მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე.

„გასამართლება, დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აუცილებელი სამედიცინო დახმარებაზე უარის ჩათვლით, და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმართულია საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, წარმოადგენს ამ ტენდენციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს. ხოლო ცნობილი მედიამენეჯერისთვის, ნიკა გვარამიასთვის გამოცხადებული ბოლო განაჩენი მხოლოდ ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეებს და მთავრობისადმი კრიტიკისთვის სივრცის შემცირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის სახალხო პარტია“ ყოველთვის იდგა საქართველოს დემოკრატიული გზის და ევროატლანტიკური მომავლის ხელშეწყობის გზაზე.

„მაშინ, როდესაც სამი ასოცირებული ქვეყნის ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული, საქართველოს მთავრობამ უნდა განაცხადოს მკაფიოდ, როგორც არასდროს, მისი ერთგულების შესახებ საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ნათლად აირჩია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. „ევროპის სახალხო პარტია“ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მის პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საქართველოს მთავრობის უარი, დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ნებართვა გასცეს ბატონის სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გადაყვანაზე ადეკვატური სამედიცინო მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, ხოლო უფრო ფართო გაგებით, მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, – სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ერთგული რჩება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი თემები