,,პუტინი ვერ მიაღწევს საკუთარ მიზნებს, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის ძლიერი და ჩვენ არ დავმარცხდებით”- პედრო სანჩესი

ესპანეთის ნატო-ში გაწევრიანების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მისი თქმით, საჭიროა ერთიანობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ომის ესკალაცია.

„საშინელებებს, რომლებიც ჩადენილია უკრაინაში, სისასტიკეს, უდანაშაულო ხალხის გაუმართლებელ მკვლელობას მივყავართ პრეზიდენტ პუტინის ქმედებების დაგმობამდე, ის არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ ვერ მიაღწევს საკუთარ მიზნებს. ჩვენ მას ვაჩვენეთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის ძლიერი და ჩვენ არ დავმარცხდებით. დასაწყისიდანვე მკაფიოდ ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ერთიანობა მოკავშირეებს შორის არის საუკეთესო შეკავება, რათა თავიდან ავირიდოთ კონფლიქტის ესკალაცია. ამ ომის ინიცირება პრეზიდენტ პუტინისთვის გახდა ერთადერთი გზა, რათა ხელი შეეშალა ქვეყნის ლეგიტიმური მისწრაფებისთვის, რომელსაც სჯერა კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, სოლიდარობასა და მშვიდობას. მან ეს გააკეთა ერთი უბრალო მიზეზის გამო – დემოკრატია საფრთხეს უქმნის მის ავტორიტარულ რეჟიმს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

პედრო სანჩესის განცხადებით, ომი უკრაინაში წარმოადგენს საფრთხეს ყველა ღია საზოგადოებისთვის. მისი თქმით, ყველა ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხეშია პუტინის რეჟიმის მხრიდან და ამიტომ, ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას.

„ბევრი ადამიანი ხვდება, რომ ჩვენი უსაფრთხოება და დაცულობა არ არის გარანტირებული, ამიტომ საჭიროა კოორდინირებული და ყოველდღიური ძალისხმევა, რათა შევინარჩუნოთ ის. ახლა ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია პუტინის რეჟიმის მხრიდან და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინის გადამწყვეტი მხარდაჭერა ერთადერთი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპასა და მსოფლიოს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ჰქონდეს გარკვეული მომავალი. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რაც მოითხოვს თავდაცვაში ინვესტირების გაზრდას. პუტინის ომის მთავარი შედეგები, მისი მიზნების საპირისპიროდ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამოცოცხლება და განახლება.

რამდენიმე კვირაში ჩვენ გავმართავთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიტს მისი 73-წლიანი ისტორიის მანძილზე. მადრიდის სამიტზე ჩვენ განვიხილავთ ორგანიზაციის სტრატეგიას, მომავალი ათწლეულის სტრატეგიულ კონცეფციას, ასევე შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს. ამასთან, ეს სამიტი იქნება ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანობის მნიშვნელოვანი გზავნილი, კავშირის, რომელიც დღეს განსაკუთრებულია ჩვენი თანაარსებობის მოდელის დასაცავად“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

მსგავსი თემები