„ქართულ ოცნებას ეკისრება პასუხისმგებლობა ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე”- სალომე სამადაშვილი

„რუსეთ-უკრაინის ომმა უნიკალური შესაძლებლობა გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი –  სრულად გეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენი განაცხადის წარმატებაზე, მის წარუმატებლობაზე და იცით რა ეს ძალიან კარგად, სწორედ ამიტომ წამოიწყეთ  ბინძური კამპანია ოპოზიციისკენ ხელის გაშვერის საკუთარი წარუმატებლობის მოლოდინში“,- ამის შესახებ, სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“  – შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებისკენ, ხოლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს სჭირდება.

„თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, იმიტომ, რომ თქვენ, არცერთ თქვენგანს, ვინც ამ დარბაზში სხედხართ, აღარ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში და ყველამ იცის, რომ თქვენ არავის სახელით არ საუბრობთ. დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული. საქართველოს დღეს არ ლობირებს არცერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და მაინტერესებს, როდესაც გამოაცხადეთ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ევროდეპუტატები ოპოზიციის მოკავშირეებად – 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან ათი არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ისინი ყველა მტრად გამოაცხადეთ, სად არიან თქვენი პოლიტიკური გუნდის – „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? იცით, რატომ არ არიან ისინი არსად? იმიტომ, რომ ჩრდილოვან ოლიგარქებთან, რომელიც, რეალურად, მართავს ამ ქვეყანას, ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს. თქვენ არავის არ წარმოადგენთ, რამდენჯერაც ჩახვალთ და უკან დაბრუნდებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ გარდა იმისა, რომ მიიღებთ გრძელ სიას ევროკავშირისგან პრობლემების ჩამონათვალის, რომელიც გადასაჭრელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც სადღაც აღმოჩნდეს და წინ წავიდეს. მათ შორის არის შარლ მიშელის შეთანხმება, პრეზიდენტს სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი უფლებების მდგომარეობა, ასევე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ დარბაზიდან მოგიწოდებთ, დაუბრუნდით მიშელის შეთანხმებას და შევეცადოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და აქვე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს: გამოიყენეთ თქვენთვის კონსტიტუციით შეწყალების უფლება. ეს დღეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და ბოლოს, თუ არავინ არ გისმენთ, თუ არანაირი შესაძლებლობა არ გაქვთ, ზეგავლენა მოახდინოთ მოვლენებზე, წადით მაშინ სახლში, რატომ ხართ ხელსუფლებაში? ოპოზიციისკენ რატომ იშვერთ ხელს?“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები