,,ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს პოლიტიკურ დეკლარაციას, თუ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო”-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ხელშესახები პროგრესი აქვს.

„ეს არ იწყება 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ გვსურდა გავმხდარიყავით ცივილიზებული ევროპის და მსოფლიოს წევრი საუკუნეების განმავლობაში. ასე რომ ახლა გვსურს, რომ ვუხელმძღვანელოთ ჩვენი ხალხის მოლოდინებს, რადგან ჩვენი პერსპექტივიდან გამომდინარე, თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს, ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან ლოიალურები ვართ ევროპული პრინციპების და ღირებულებებს მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველა საჭირო საქმეს, რაც არის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ შევასრულეთ ასოცირების შეთანხმების 45 პროცენტზე მეტი. გვაქვს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი 2014 წლიდან და გვაქვს გაუმჯობესება ყველა მიმართულებაში, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, ღია მთავრობა. ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ხალხი ამას ხედავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირისგან სჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია.

„ახლა კითხვა არის შემდეგი, ვზრდით თუ არა ამ მოლოდინებს, რომ ვუთხრათ ხალხს, საქართველო მიიღებს სიმბოლურ, პოლიტიკურ განაცხადს და აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი ან მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ არის შესაბამისი დრო, უნდა მოვიცადოთ. ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ ქმედება ახლა და დღეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები