,,საქართველო არის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორი ევროკავშირისთვის”-ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ევროკავშირი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

მისი განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი ერთგულია ევროკავშირის პრინციპების.

„დიდი მადლობა მოწვევისთვის, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ვისაუბრო ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებაზე. პრინციპში, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ „კოვიდის“ შემდეგ შევხვედრილიყავით პირადად და მადლობა ამისთვის. ამასთან, მინდა ვახსენო, რომ საქართველო არის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორი ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან ლოიალურნი და ერთგულნი ვართ ევროკავშირის მიმართ, რადგან საერთო მიზნები, საერთო პრინციპები, საერთო ფასეულობები გაგვაჩნია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს, ეს არის მთავარი დოკუმენტი, გზამკვლევი სრულფასოვანი და სრულყოფილი გაწევრიანებისთვის. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ეს ძალიან დიდი მიღწევაა ქართველი ხალხისთვის და სულ ახლახანს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან. ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. ეს არის ქართველი ხალხის, ქართველი ერის არჩევანი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რომელიც არის სრულფასოვანი წევრობა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები