„სააკაშვილის მობრუნების შიში, საბანკო ვალების შიში, კოვიდის და ახლა უკვე ომის შიში“ – კახა ოქრიაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, როგორც დეპუტატი აცხადებს, მმართველი გუნდი უნდა გამოვიდეს  ოკუპანტის მოკავშირეობიდან და თავი დაანებოს  პუტინის რუსეთთან ალიანსში ყოფნას.

“ქართული ოცნება“ არის პუტინის რუსეთის მოკავშირე და 2012 წლიდან საქართველოში შიშს ნერგავს. ეს არის სხვადასხვა შიში. სააკაშვილის მობრუნების შიში, საბანკო ვალების შიში, კოვიდის და ახლა უკვე ომის შიში. “ქართული ოცნება“ არწმუნებს საზოგადოებას, რომ ოპოზიციას სურს სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა, ომი. გვახსოვს ათობით არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის ანონსი, გავრილოვის ჩამოყვანის აბსოლუტურად მტრული ნაბიჯი და ამ ყველაფერს მუდმივად ოპოზიციას აბრალებენ“, – აღნიშნა ოქრიაშილმა პარლამენტის სხდომაზე.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირისგან უარი მივიღოთ.

„2012 წლიდან „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროკავშირმა თვითონ გვითხრას უარი გაწევრიანებაზე, ვგულისხმობ უკუსვლას დემოკრატიის კუთხით. პოლიტიკური ოპონენტების დევნა-დაკავებას, პოლიტ-პატიმრებს, სააკაშვილ-გვარამიას, თავისუფალი მედიის შეზღუდვას, 5 ივლისის მოვლენებს, კორუფციას, სახელმწიფოს მიტაცებას, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემების მიტაცებას“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ოქრიაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს, გამოვიდეს  ჩვენი ოკუპანტის მოკავშირეობიდან.

„ერთად ჩავიდეთ ევროპაში და მოვითხოვოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინა და მოლდოვასთან ერთად. ევროკავშირი გვთხოვს დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას, მედიის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მართლმსაჯულების სისტემის უსწრაფეს რეფორმირებას. დიახ, მათ აქვთ მზა რეცეპტები და მათი რეცეპტებით უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

 

მსგავსი თემები