კიკვიძის პარკში, მიუსაფარი ძაღლების საკვები აპარატი უცნობმა პირებმა დააზიანეს

თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში დადგმული მიუსაფარი ძაღლების საკვები აპარატი უცნობმა პირებმა დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტან ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს ნუ დააზიანებენ იმას, რისთვისაც თანხები ისევ ხალხის ჯიბიდან იხარჯება.  

“რამდენიმე დღის წინ კიკვიძის პარკში დადგმული აპარატი(მიუსაფარი ძაღლების საკვები აპარატი) დღეს დაზიანებული დაგვხვდა. რატომ აკეთებთ ამას?! ამის სარემონტოდ გამოსაყოფი თანხა ხომ ისევ თქვენი შვილების, დების, ძმების, მშობლებისა და მეგობრების განათლებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, გზებს, ხიდებს და განვითარებას მოაკლდება?! ნუ გავაკეთებთ ამას. გარდა იმისა რომ არასწორია, დარწმუნებული ვარ, არც სარგებელი მოუტანია ამის ჩამდენისთვის. უკეთეს ქვეყანაში თუ გვინდა ცხოვრება, გავუფრთხილდეთ ქვეყანასაც და ერთმანეთს”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვახტანგ ლომჯარია. 

აღსანიშნავია რომ თბილისის ქუჩებსა და პარკებში, ქუჩის ცხოველებისთვის კვების აპარატები და ხის სახლები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის გარდა, რიყის პარკში და ვერის ბაღში განთავსდა. პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს”, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ  2018 წლის ბოლოს განახორციელა.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ. კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.

მსგავსი თემები