,,დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს”-ზაალ უდუმაშვილი

,,მე დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ მიიღებს ქვეყანა და არა ხელისუფლება“,- ამის შესახებ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის  განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს უყენებს.

„რაც უფრო უახლოვდები ევროკავშირს, მით უფრო მაღალია ის სტანდარტები, რომელსაც ევროპული ოჯახი უყენებს კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლებას და ამ სტანდარტებს „ქართული ოცნება“ არა თუ არ აკმაყოფილებს, ახლოსაც ვერ მიდის. ეს სტანდარტები დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთ ქვეყანაში და ის ქვეყანა ევროკავშირის წევრი ნამდვილად არ არის.

იმის მაგივრად, რომ დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტში საგნობრივ დებატებს მართავდეს, ჩვენ იძულებული ვართ მთელი ენერგია და ძალა დავუთმოთ იმას, რომ როგორმე დავიხსნათ ტყვეობიდან პოლიტიკური პატიმრები. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ და ნიკა გვარამია, რომელიც სრულიად აბსურდული ბრალდებით გადაწყვიტეთ რომ დააკავოთ.

ისმის ერთადერთი შეკითხვა – ვინ იქნება შემდეგი? ეს შემდეგი აუცილებლად იქნება, თუ ჩვენ დროზე არ ვიმოქმედებთ. ჩვენში ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას.

დღეს ჩვენს ქვეყანას გააჩნია უნიკალური შანსი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ ევროპისკენ და ეს ფანჯარა ყველამ უნდა გამოვიყენოთ. ყველას მოეთხოვება პასუხი იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც დავაკელით ამ გზაზე“,-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი თემები