,,ომი უნდა დასრულდეს და რუსეთმა მიტაცებული მიწები დააბრუნოს”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის იმპერიული ამბიციების შედეგი და ომი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ხალხს სურს დამოუკიდებელ და სუვერენულ უკრაინაში ცხოვრება.

„უკრაინასა და ევროპაში არსებულ ვითარებას რაც შეეხება, ვიმყოფებოდი კიევში და შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრები და მეზობლები ვართ. ორი წლის წინ რუსეთის აგრესია წარმოუდგენელი იყო. მიღებული სადაზვერვო ინფორმაციების მიუხედავად, არ ველოდებოდით, რომ აგრესია ასეთი მასშტაბური იქნებოდა. ცხადი იყო და ვიცოდი, რომ რუსული აგრესია მოხდებოდა. პრეზიდენტ პუტინს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან დიდი რაოდენობით ჯარები შეკრიბა უკრაინის საზღვართან. ამიტომ იძულებული იყო, სიტუაცია როგორმე გადაეწყვიტა. მისთვის ეს იყო რეჟიმის პრესტიჟის საქმე. ეს ცხადი იყო, ეს პროპაგანდაა და სწორედ ამიტომ, აგრესია უნდა მომხდარიყო. თავიდან ვფიქრობდით, რომ აგრესია მცირე მასშტაბის იქნებოდა და დონეცკში, ლუგანსკში შეიჭრებოდნენ. შემდეგ ვფიქრობდით, რომ ყირიმთან დერეფნის გაჭრას შეეცდებოდნენ, მესამე სცენარში ვვარაუდობდით, რომ თავდასხმა შესაძლოა, ყოფილიყო ოდესასა და კიევზე. ვლადიმერ პუტინის თავში იმპერიული ტენდენციები აღორძინდა, რომ აღედგინა იმპერიული რუსეთი.

უკრაინა პოლონეთზე თითქმის ორჯერ დიდია და ასეთი ქვეყნის დაპყრობა ძალიან რთულია. სრული უკრაინის ოკუპაცია უბრალოდ შეუძლებელია. ერთ-ერთი, რაც პუტინმა ვერ გაითვალისწინა, ეს არის უკრაინელების ასეთი სასტიკი წინააღმდეგობა. ვფიქრობ, უკრაინელები იყენებენ მთელ ძალას წინააღმდეგობის, ბრძოლისთვის და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიძლია, მშვიდობის იმედი გვქონდეს, რომ დასავლეთ ევროპა აიძულებს უკრაინელებს, მიწა პუტინს მისცენ. უკრაინელები ასეთ დათმობაზე არ წავლენ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ ბევრი სისხლი დაღვარეს. ასევე, უკრაინელები არაფერს დათმობენ, რადგან იბრძვიან და მათი ქვეყანა ძალიან დაზარალდა. მათ შურისძიება სურთ და უნდათ თავიანთი მიწების დაბრუნება. არ მჯერა, რომ უკრაინელები დათანხმდებიან ისეთ შეთანხმებას, რომელიც რუსებს მეტ მიწებს მისცემს. ასევე არის გეოპოლიტიკური კონტექსტი. დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას უკრაინაში ამაზე დათანხმება არ შეუძლია, რადგან ვინც ამას დათანხმდება, როგორც პოლიტიკოსი, უბრალოდ დასრულდება. მთელი ერი ფიქრობს, რომ უნდა იბრძოლონ. თუ რომელიმე პოლიტიკოსი დასავლეთში ფიქრობს, რომ ისინი აიძულებენ უკრაინელებს პუტინისთვის დათმობას, ისინი ღრმად ცდებიან. როდესაც რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს დაუსჯელად, მიუღებელია, რომ რუსეთი კლავს ხალხს უკრაინაში და ამას შედეგები არ მოჰყვეს მსოფლიოსგან. ვერ დავეთანხმები, რომ რუსეთმა არ უნდა გადაიხადოს რეპარაციები იმ ზარალისთვის, რაც მან უკრაინას მიაყენა. ეს შეჭრა იყო რუსეთის იმპერიული ამბიციების შედეგი, სხვა მიზეზი არ ყოფილა. რუსებს უკრაინაში არავინ ელოდებოდა. ხალხს სურს დამოუკიდებელ და სუვერენულ უკრაინაში ცხოვრება. ომი უნდა დასრულდეს, რუსეთმა დააბრუნოს უკრაინაში მიტაცებული მიწები, გადაიხადოს კონტრიბუციები და დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები