ვაკის პარკში სასტუმრო არ უნდა აშენდეს – თბილისის მერი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. ამგვარად მან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებებს უპასუხა და საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში მისთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა.

„ძალიან მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, რომ ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოებამ, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტი არაერთხელ გამოხატა. პარკის გადასარჩენად წლებია იბრძვის იურისტი თემო კალანდაძე.

წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას, რომლის შემდგომმა ფუნქციონირებამ, იდეის თანახმად, ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმისა და ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას. მაგრამ, თემო კალანდაძის ინფორმაციით, სინამდვილეში, პროექტით წარმოდგენილია სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, ანუ ხანგრძლივი პერიოდით გასაქირავებელი ბინები, რომელიც გათვლილია დედაქალაქში დროებითი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის და არანაირი კავშირი აქვს მაღალი კლასის სასტუმროსთან, მით უმეტეს ტურიზმთან.

“შპს „ვაკის პარკი“ 2010 წლიდან ლიკვიდირებულია და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ბუნებაში არ არსებობს (სავარაუდოდ ოდესღაც არსებობდა). მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სარჩელი ეხება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიის საზღვრებში მოქცეულ საპროექტო ტერიტორიას, ადმინისტრაციულმა პალატამ განიხილა კერძო საკუთრებაში და ბუნებაში არარსებული უძრავი ქონებების ურთიერთმდებარეობა და დაადგინა, რომ ერთი მეორის საზღვრებში არ შედის; საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი „ვაკის პარკის“ ტერიტორიის საზღვრების გეგმით დგინდება და უტყუარად დასტურდება, რომ ვაკის პარკი არ მოიცავს იმ ტერიტორიას, რომელზეც სადავო აქტების შესაბამისად დადგენილია სასტუმროს მშენებლობა“, – აცხადებს თემო კალანდაძე.

მსგავსი თემები