დიდ დიღომში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება

თბილისში, კერძოდ, დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, 129 778 კვ.მ ფართობზე, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ – მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება. იგი მოიცავს საბავშვო ბაღს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, კომაროვის ახალ სკოლას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებსა და ტექნოპარკს, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ.

„ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“ ასევე, იქნება ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, ხელოვნების სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები და საცხოვრებელი კამპუსი განთავსდება.

სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ჩადო.

დედაქალაქის მერის თქმით, მსგავს პროექტებს თბილისის მერიის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე სპორტული მოედნებიც განთავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას შეეწყობა ხელი.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის პროექტები მომავალში, ქალაქის სხვადასხვა რაიონში განხორციელდება. “ეს ყველაფერი კეთდება მომავალი თაობისთვის, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა გვყავდეს და მათი განათლება შემდეგ, ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები