„გვინდა ტერიტორიების დაბრუნება“ – ზელენსკის განცხადებით, პუტინთან შეხვედრის თარიღზეა დამოკიდებული, რა იქნება მთავარი საკითხი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების პროცესი ისევ განახლდება. როგორც ზელენსკი აცხადებს,  მიზანი იცვლება და პუტინთან შეხვედრის დღის წესრიგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა.

„პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება შეხვედრა. მიზანი იცვლება. დღეს რომ ვხვდებოდეთ ერთმანეთს, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა, ორ-სამ თვეში კი ეს საკითხი შეიძლება აღარ იყოს პრიორიტეტული, ან იყოს ნაწილობრივ. ომის დასაწყისშივე რომ შევხვედროდით, მიზანი მაინც სხვა იქნებოდა. დღეს რომ ვხვდებოდეთ, ვიცით, რა ნაწილია ოკუპირებული და რა დეოკუპირებული და ამაზე ვისაუბრებდით. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობა იქნება და რა იქნება მთავარი“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე უმთავრესი საკითხია ტყვეების გაცვლა და დეოკუპაცია.

„გვინდა ტერიტორიების დაბრუნება. გვინდა, დავასრულოთ ეს ომი. როდის იქნება ეს ყოველივე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გაიმართება საუბარი პუტინთან. ფორმატზე ვერაფერს ვიტყვი – შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე თუ ორმხრივი საუბარი, ჯერ თქმა არ შემიძლია“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები